"ჯეოსელის" პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

  “ჯეოსელის” პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი პასი კოისტინენი კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პასი კოისტინენის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობისთვის უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. “ჯეოსელის” პრეზიდენტის მტკიცებით, კომპანიის არსებობის მანძილზე “ჯეოსელის“ “ყველა საქმიანობა თუ ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ.
“ჩვენ ვადასტურებთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შემოსვლას კომპანიაში. ამჟამად “ჯეოსელში” მიმდინარეობს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღებას. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნეს-პრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი, თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. “ჯეოსელი” საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. “ჯეოსელი” გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 218-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ჯეოსელში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინ შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები