მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა დასრულდა
“მოსახლეობის საყოველთაო აღწერის” ფარგლებში მესტიის, ყაზბეგის, დუშეთის (შატილის, ხევსურეთის, უკანა ფშავის, მაღაროსკარის, გუდამაყრის და ქვეშეთის თემების) და ახმეტის (ომალოს თემი) რეგიონებში აღწერა უკვე დასრულდა. როგორც “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შედეგების პირველი ვერსია, წინასწარი მონაცემები, 2015 წლის აპრილის თვეში გამოქვეყნდება, თუმცა, სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობა ზოგადად შემცირებულია.
“აღწერის პროცესი 15-დღიანი იყო. 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა და დასაქმდა 195 ადამიანი. ამ რეგიონებში ჩვენ ჩავატარეთ აღწერა უფრო ადრე, რომ ნოემბერში, როდესაც დაგეგმილია საყოველთაო აღწერა, უამინდობის გამო აღმწერები ვერ შეძლებდნენ ამ მუნიციპალიტეტებში მისვლას. მოსახლეობა იყო ძალიან ჩართული, საველე სამუშაოები ძალიან კარგად ჩატარდა. არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა მერი დაუშვილმა.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5-19 ნოემბერს ჩატარდება, წინასწარი შედეგები 2015 წლის აპრილში გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო შედეგები აღწერიდან 18 თვეში გამოქვეყნდება.