ლადო ბედუკაძე შსს-ს მიმართავს – „წყაროს მოუწევს დაამტკიცოს რუსეთის სპეცსსამსახურებთან ჩემი კავშირი“

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მასსა და ზაზა დავითაიას შორის გამართული საუბრის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება. ბედუკაძის თქმით, მისთვის გასაკვირი არ ყოფილა ის, რომ სააკაშვილი მისი რეჟიმის უპირველეს მტერს ფარულად მოუსმენდა. ბედუკაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი წარსულს ჩაბარდა და ფარული მიყურადებისთის ყველა კანონის შესაბამისად დაისჯება. ციხის სკანდალური კადრების ავტორი საქართველოს მთვარ პროკურორს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.
„ვინმეს თუ უკვირს, რომ სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც ყველაფერს ისმენდა, ყველაფერს იწერდა იმ ადამიანისას, რომელიც მათთვის უპირველესი მტერია, მისი კერძო მიმოწერის ან აუდიოსაუბრების ჩანაწერები არ ექნება? იწერეთ, ბატონებო, და ისმინეთ რამდენიც გენებოთ,მაგრამ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი წარსულს ჩაბარდა. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 158-ე და 159-ე მუხლებით პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა, კერძო კომუნიკაციის უნებართვო ჩაწერა- მიყურადება, ამგავრი მონაცემების უკანონოდ მოპოვება- გამოყენება და, მით უმეტეს, გავრცელების ნებართვა არანაირ კატეგორიაზე არ ვრცელდება და მკაცრად დასჯადია! მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დამატებით სარჩელით მივმართავ საქალაქო სასამართლოს პირადი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელების გამო. წყაროს მოუწევს დაამტკიცოს ან საჯაროდ უარყოს გავრცელებული ცნობები ჩემი რუსეთის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის შესახებ. ის ადამიანები, ვისაც თავი ისევ სააკაშვილის ეპოქაში ჰგონიათ, ან მის დაბრუნებას გულისფანცქალით ელიან, მინდა გავაწბილო. მე ჩემი პოზიცია არასდროს დამიმალავს. არ ვმალავდი რეჟიმის დროს და არ ვმალავ ახლაც. დიახაც,სწორედ პირდაპირი დიალოგია საჭირო რუსეთთან ქვეყნისთვის, რომლის სტაბილურობის, ერთიანობის,მშვიდობის გასაღები რუსეთშია.
P.S. ფოტოშოპებით რომ არ იწვალოთ, ვავრცელებ ორიგინალ ფოტომასალას“, -წერს ბედუკაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ლადო ბედუკაძის და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ზაზა დავითაიას სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები