რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.
კრივი-რიჰის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი სიტნიჩენკოს ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები, მაღაზიები, კვების დაწესებულებები და ავტომობილები.
ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ „შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
“რუსებმა, წინასწარი მონაცემებით, შვიდი დარტყმა განახორციელეს უპილოტო საფრენი აპარატებით ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რეგიონში. არიან დაღუპულები და დაშავებულები”, – წერს ივან ფედოროვი ტელეგრამის არხზე.