რა უთხრა შალვა თათუხაშვილმა დათა ახალაიას – სასამართლოში ბრალდებული მაზმიშვილი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული გიორგი მაზმიშვილი დაიკითხა. როგორც მაზმიშვილმა განაცხადა, 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო, როდესაც მისმა უფროსმა გერონტი ალანიამ ნავთლუღში წასვლა დაავალა. მაზმიშვილის თქმით, იგი ნავთლუღის ტერიტორიაზე დათა ახალაიას მანქანით მივიდა, რომელშიც კუდ-ის უფროსი დათა ახალაია და მელნიკოვიც იმყოფებოდნენ, თუმცა მისი ისინი მანქანიდან არ გადასულან. „სადგურის მხრიდან სროლების ხმა გავიგეთ. ამ დროს დათამ დაიძახა, რომ გადავსულიყავით. წავედით სადგურის მიმართულებით. დათამ და, მე მგონი, გერონტი ალანიამ დაიწყეს ჰაერში სროლა. ჩემი იარაღი არ იყო მწყობრში და მე არც კი მისვრია. მათ ბოლოს მივსდევდი. ასევე, უკან მორბოდა ლევან ქარდავა. დავინახე სპეცრაზმელები, ასევე, ძირს იწვა ერთი გარდაცვლილი პიროვნება, მოშორებით კიდევ 2 ცხედარი. ასევე, დავინახე ძირს ეყარა 3 ავტომატი და ერთი კეისი“, – განაცხადა მაზმიშვილმა.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის ადგილას იმყოფებოდა შალვა თათუხაშვილი, რომელმაც სპეცრაზმელებს უბრძანა, ტერიტორიაზე არავინ შეეშვათ. მაზმიშვილის თქმით, ამის შემდეგ თათუხაშვილმა დათა ახალაიას უთხრა, რომ ახალგაზრდებმა იარაღი არ დაყარეს და საპასუხო ცეცხლი გავუხსენითო. მაზმიშვილი 2012 წლის ნოემბერის ამბავს იხსენებს, რა დროსაც მას სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი ჰქონდა.
„ჩემი მეუღლე კონტრდაზვერვაში მუშაობდა და მთხოვა, მომაკითხეო. ადგილზე მისულს დამხვდნენ ჩემი მეუღლე და კიდევ პროკურატურის 4 თანამშრომელი და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება სურდათ. მითხრეს, რომ შენ ხარ ახალაიების მეგობარი, თუ რამე ინფორმაცია იცი მათზე, გვითხარი, გპირდებით, რომ შენს თანამდებობაზე დაბრუნდები, შენი მეუღლეც დაბრუნდება და ჩვენი გუნდის წევრი იქნებიო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დამემუქრნენ“, – განაცხადა მაზმიშვილმა.
ამასთან, როგორც ბრალდებულმა განაცხადა, დაკავების შემდეგ, პროკურატურაში ეუბნებოდნენ, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას ხელს მოაწერდა, ციხეში არ გაუშვებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საქმის ეპიზოდის მიხედვით, ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემართა, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან ერთად სხვა პირები სასტიკად აწამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარადავა კი მიმალვაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები