თბილისის მერის მოადგილე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული – მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა.
ირაკლი ბენდელიანი თევდორე მღვდლის ქ. N10-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
„უმძიმესი ფაქტი მოხდა თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. წელიწადზე მეტია, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს. ამის როგორც ზეპირი, ისე შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს მუნიციპალიტეტში. გარკვეული რაოდენობის ოჯახები დაგვთანხმდა და გავიყვანეთ ქირით. დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კერძო საკუთრებიდან მოსახლეობის იძულებით გამოყვანის უფლება არ გვაქვს, თუნდაც ახალი კორპუსით ჩანაცვლების მიზნით, თუ ამაზე მოსახლეობა სრულ თანხმობას არ გაავრცელებს. ამ კორპუსის ავარიულობის გათვალისწინებით იყო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ნაწილი ქირით გაყვანაზე და ახალი კორპუსის მშენებლობაზე არ დაგვთანხმდა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რის გამოც, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია არსებობდა.
„მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და სრულიად თბილისის მოსახლეობას მივმართო – კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ აღნიშნულ ფაქტზე. როდესაც მოსახლეობას ვთავაზობთ, სრულიად უსასყიდლოდ, ჩვენივე ხარჯებით გავიყვანოთ დროებით საცხოვრებელში, მოხდეს ავარიული შენობის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა, ჩემი თხოვნაა, კიდევ ერთხელ გაიაზრონ ეს ფაქტი, მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დაგვთანხმდნენ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.