კახა კალაძე – „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ მომხდარ ნგრევაზე: კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას
თბილისის მერი, კახა კალაძე „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც შენობის ფასადის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
დედაქალაქის მერის თქმით, შენობა იყო ავარიული და მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
„სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში…
იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში და ჩვენ უზრუნველვყოფდით დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-ის თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა, დანარჩენებმა, ამ ეტაპზე, განაცხადეს უარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.