სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინეთი ამერიკული ფეხბურთის უკონტაქტო ვერსიაში – ფლეგ-ფეხბურთის სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

“ტურნირში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები.

მსოფლიოს ჩემპიონატში 32 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს. მასთან ერთად ამ ჯგუფში არიან ევროპის ახლანდელი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, ასევე – დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ნაკრებები.

ტურნირი ტარდება ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IFAF) ეგიდით. გუნდები რვა ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფებში გააგრძელებს ასპარეზობას. მსოფლიოს ჩემპიონატი 27-30 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება 2023 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. ამ ჩემპიონატზე პირველად გამოსულმა ქართველმა სპორტსმენებმა მე-16 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება, ამერიკული ფეხბურთი სწორედ ფლეგ-ფეხბურთის ვერსიით იქნება წარმოდგენილი და მის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები