ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს პირველ ეტაპზე ნინო ქუბინიძე უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტოს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება. ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დღეს იმ მიმღებების სავარაუდო ღირებულებაც დაასახელა, რომელიც მოსახლეობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დასჭირდება. ქუმსიშვილის განმარტებით, მიმღებების ღირებულება დაახლოებით 30-35 დოლარი იქნება. ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს, კერძოდ იმუშავებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმღები მოწყობილობებით აღჭურვაზე, საინფორმაციო კამპანიის წარმოებასა და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე. ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან გადავა.