აუტიზმით დაავადებულ 4 წლის ბიჭს ექსპერტიზა უტარდება
აუტიზმით დაავადებულ 4 წლის გაბრიელს სამხარაულის სახელობის ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. როგორც დაშავებული ბავშვის დედა აცხადებს, ბავშვს სამი დაზიანება აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის მშობლები თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. “დაზიანებაზე მეტად პედაგოგის და ძიძის გულგრილობა მაწუხებს. ბავშვს ტუჩზე სისხლსაც კი არ წმენდნენ,დავინტერესდი თუ რა მოხდა თუმცა შეკითხვებზე ვერ მპასუხობდნენ. ჯერ თქვეს, რომ ბავშვმა თვითდაზიანება მიიყენა, მერე თქვეს, რომ თანატოლთან იჩხუბა, არადამაჯერებელ და არაადეკვატურ პასუხებს იძლეოდნენ“, – აცხადებს ბავშვის დედა ქეთევან იარაჯული.
ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტს უკვე მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ზუსტი დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.
“ექსპერტმა მითხრა, რომ წინასწარი დათვალიერებით ბავშვს მრავლობითი ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული“, -აცხადებს ბავშვის მამა. საბავშვო ბაღის პედაგოგები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაზიანებები ბავშვს თანატოლმა მიაყენა. „მშობელმა მთხოვა, რომ მათი ბავშვი ბაღის გარემოს შემეგუებინა. მე ამას ვცდილობდი. ბავშვს თანატოლთან სათამაშოს გამო მოუვიდა ჩხუბი და დაზიანებაც მან მიაყენა. ჩვენ ხელით არავის არ ვეხებით“, – განაცხადა საბავშვო ბაღის პედაგოგმა ციური გულიაშვილმა.
კერძო საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს დღეიდან სახალხო დამცველის აპარატი და ჯანდაცვის სამინისტროც შეისწავლიან. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, აუტისტ ბავშვზე ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოძალადე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
მცირეწლოვანს ზედა ტუჩი აქვს დაზიანებული. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.