ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორად ნუგზარ ანთელავა დაინიშნა
სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ანთელავა დაინიშნა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონს ნუგზარს ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას, წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს.
ნუგზარ ანთელავას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისტორიის ფაკულტეტი, ასპირანტურა – ეთნოლოგიის მიმართულება). ხოლო 2011 წლიდან იგი ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.
იკვლევს ქართველი და კავკასიელი ხალხების ეთნიკური ისტორიისა და კულტურის პრობლემებს; არის 110 ნაშრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი.
ნუგზარ ანთელავა 2012 წლიდან იყო ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის კოორდინატორი; სხვადასხვა დროს იყო გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ყოფისა და კულტურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის რეგიონების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კოორდინატორი (1993-2001), აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და სხვა.
სხვადასხვა პერიოდში რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით არაერთი პროექტი განახორციელა; მათ შორის ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედიისა და ეთნოლინგვისტურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის გამოცემა და სხვა.
მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის პრემია „საგურამო“ და გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა).