ბლინკენი ირანსა და ისრაელს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ, „ჰამასის“ ახალ ლიდერს კი, მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
შეერთებული შტატები ირანსა და ისრაელს მოუწოდებს, მოერიდონ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას,- ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„არავინ უნდა გაამწვავოს კონფლიქტი. ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად. შემდგომი თავდასხმები მხოლოდ ზრდის საშიში შედეგების საფრთხეს, რომელთა პროგნოზირება და კონტროლი არავის შეუძლია.
აუცილებელია, რეგიონში ყველამ შეაფასოს სიტუაცია, გააცნობიეროს შეცდომის რისკი და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაძაბულობას მოხსნის და არ გაზრდის მას“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე გამოეხმაურა „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ახალ ლიდერად იაჰია სინვარის დანიშვნას. ბლინკენის თქმით, სინვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა შეუძლია.
მისივე თქმით, ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება და ფინალურ სტადიაშია.