ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავი მთლიანად მოიხსნა, გადაიჭიმა ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კრამიტის ახალი საბურვლის მოწყობა.
პარალელურად გრძელდება წმ. გიორგის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) გადახურვის კონსტრუქციის მოსაწყობი სამუშაოები.
კარიბჭე-სამრეკლოს გარე და შიდა პერიმეტრზე მოწყობილმა ხარაჩომ საშუალება მისცა არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფს, შეესწავლათ თუნუქის სახურავის მდგომარეობა. კვლავ მიმდინარეობს კვლევით-საპროექტო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შესამუშავებლად.
სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით გრძელდება ხარაჩოს მოწყობა საკათედრო ტაძრის გუმბათის სახურავზე.
ამასთანავე, ინტენსიურად მიმდინარეობს საკათედრო ტაძრის გუმბათისა და საეპისკოპოსო სახლის კვლევით-საპროექტო სამუშაოები.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.