ანსამბლ „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალურ ბალეტ „ფოცხიშვილების“ პირველი ერთობლივი კონცერტი გაიმართება

 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის – „ამღერებული მუზეუმის“ – ფარგლებში, 4 აგვისტოს, 19:00 საათზე, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში, ანსამბლ „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, პირველი ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ანსამბლები მაყურებლის წინაშე წარმოადგენენ ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება ანსამბლების ერთობლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მაყურებლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამის შეთავაზებას.
ანსამბლებმა ერთობლივი რეპეტიცია გაიარეს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.
ამიერიდან პროექტ „ამღერებულ მუზეუმს“ ხალხური სიმღერის კონცერტებსა და გაკვეთილებთან ერთად, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ქართული ცეკვის პროგრამაც დაემატება, რაც ღია ცის ქვეშ მუზეუმს ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ხალხური სიმღერის გაკვეთილები და ფოლკლორული კონცერტები მუზეუმში ყოველთვიურად იმართება.
60-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ანსამბლ „ფოცხიშვილების“ ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი გახლდათ. 1963 წლიდან მოყოლებული, მისი ხელმძღვანელობის პერიოდშიც და დღესაც, ანსამბლი მთელ მსოფლიოში მართავს კონცერტებს, ავითარებს ქართულ ქორეოგრაფიას და ემსახურება ქართულ კულტურას. „ფოცხიშვილები“ აერთიანებს სასწავლებლებს – „ფოცხიშვილების ცეკვის აკადემიასა“ და ცეკვის სტუდია „პატარა ვარსკვლავებს“; სასწავლებლებში ასევე დიდი წარმატებით საქმიანობენ და მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას ასწავლიან. 2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეის საფუძველზე ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერია გელა ფოცხიშვილი, ხოლო ანსამბლის მთავარი ბალეტმაისტერია მაია კიკნაძე. აღსანიშნავია, რომ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ წარმატებით მონაწილეობდა 2023 და 2024 წელს ლევილის ქართულ ფესტივალში.
როგორც ცნობილია, 2024 წლის 19 მაისს საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით თვითმოქმედ ანსამბლ „დიდგორს“ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა და მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. ანსამბლი აქტიურად საქმიანობს საქართველოსა და უცხოეთში. 2015 წელს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ნომინაციაში „ახალი თაობა“, ანსამბლს გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი. საგულისხმოა, რომ ანსამბლი მონაწილეობდა 2024 წელს ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ონლაინ: https://tkt.ge/event/429496/fockhishvilebis-da-didgoris-koncerti?fbclid=IwY2xjawEa3etleHRuA2FlbQIxMAABHRipvsfPJ_zJ1gOpd1gYTlFhkSK3etss_qHSdRNVaMZtIVS2YxrpIxiF4w_aem__yXqyfWd-vIYBF79iql7mA  ან მუზეუმის სალაროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები