ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ვინც ზიანს მოგვაყენებს, ჩვენ მათ ადეკვატურ პასუხს გავცემთ
ქვეყანა მაღალი დონის მზადყოფნაშია ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი თვალსაზრისით, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ აგრესიულ აქტს ისინი მკაცრად უპასუხებენ.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ გავანადგურეთ „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი, ფუად შუქრი, დღეს მოვიდა „ჰამასის“ შტაბის უფროსის, მუჰამედ დეიფის ლიკვიდაციის საბოლოო დასტური. დეიფი პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბრის საშინელ ხოცვაზე და ასევე ისრაელის მოქალაქეების მრავალ მკვლელობაზე. დეიფი წლების განმავლობაში ისრაელის ნომერ პირველი ძებნილი იყო.
მისი განადგურება აყალიბებს მარტივ პრინციპს, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ: ვინც ზიანს მოგვაყენებს, ჩვენ მათ მივაყენებთ ზიანს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.