გრიგოლ აბაშიძის დაბადებიდან 110 წელი გავიდა
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ აბაშიძის, დაბადებიდან 110 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გრიგოლ აბაშიძის ხსოვნას, მის გამორჩეულ დამსახურებას ქართული ლიტერატურისა და ეროვნული კულტურის წინაშე.
გრიგოლ აბაშიძე 1914 წლის პირველ აგვისტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში დაიბადა.
„1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ორი წლის შემდეგ კი – მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილება.
მწერლის შემოქმედება ლიტერატურის მრავალ დარგს მოიცავს: პოეზია, პროზა, დრამატურგია, თარგმანი, ესეისტიკა და სხვა.
მიღებული ჰქონდა იმ დროს არსებული თითქმის ყველა ჯილდო თუ პრემია.
და მაინც, გრიგოლ აბაშიძის დიდ ავტორიტეტს მისი მწერლობა განსაზღვრავდა: არაჩვეულებრივი ლექსები, პოემები, მოთხრობები, რომანები და თარგმანები.
განსაკუთრებული სახელი მოუხვეჭა სამმა ისტორიულმა რომანმა: „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.
ქართველმა მკითხველმა იმთავითვე აიტაცა და შეიყვარა შანდორ პეტეფის ლექსების მისეული თარგმანები.
გრიგოლ აბაშიძის პიროვნებას მომხიბვლელობას სძენდა დიდი შინაგანი კულტურა და გამორჩეული ინტელექტი.
გრიგოლ აბაშიძე იყო არაერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი: „ნიანგი“, „დროშა“, „მნათობი“. 1967-1981 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს, ჯერ პირველი მდივნის, შემდეგ კი თავმჯდომარის რანგში.
1979 წელს აირჩიეს მწერალ-აკადემიკოსად. 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის თავმჯდომარე.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჩვენი ქვეყნის მორიგი ძნელბედობის ჟამს, გრიგოლ აბაშიძის პოეზიამ ტრაგიკული ინტონაცია შეიძინა, რაც მკაფიოდ გამოჩნდა მის მომცრო, მაგრამ დიდებულ კრებულში – „ვალი“.
„ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი, დაფლეთილია შენი სხეული“, – ასე მიმართავდა პოეტი სამშობლოს და იქვე დასძენდა: „არც დაღამება მიხარია, არც გათენება“…
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოეტმა დაწერა ლექსი – „არყოფნისაკენ“, რომელსაც მურმან ლებანიძემ შესანიშნავი ესეი უძღვნა, ყოვლისმთქმელი სათაურით: „შედევრი ოთხმოცი წლის ასაკში“.
გრიგოლ აბაშიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი ბიუსტი ამშვენებს საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მდებარე სკვერს.