კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის აღიარების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მკლავჭიდის სპორტული ორგანიზაციის აღიარებისთვის განაცხადების მიღება გამოაცხადა, განიხილა და შეაფასა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის აღიარების შესახებ.
„საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირი ცნობილმა და სახელოვანმა სპორტსმენებმა დააფუძნეს, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებენ მის მართვაში. კავშირის საპატიო პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში პირველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში ზაურ ცხადაძე; პრეზიდენტია საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე ავთანდილ ახვლედიანი; ვიცე-პრეზიდენტები – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ლუტიძე და საქართველოს პრიზიორი ნიკა ახალბედაშვილი. კავშირის გამგეობის წევრები არიან: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ლევან საგინაშვილი; საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი ირაკლი გამთენაძე; Საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გურამ ფაშურიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე.
კავშირის წესდება შეესაბამება სპორტის მინისტრის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.
ინფორმაციისთვის: 2016 წლიდან მკლავჭიდის მიმართულებით სამინისტროს მიერ აღიარებულია ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია, რომელსაც სპორტის სამინისტრომ 2021 წლიდან შეუჩერა დაფინანსება. ფედერაციაში დარღვევები დადასტურდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით (ფინანსური ოპერაციების შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი). გამოვლენილი დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე აუდიტის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის ქმედებები უარყოფითად აისახებოდა ქართული მკლავჭიდის რეპუტაციასა და განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა მკლავჭიდის სახეობაში აღიარების შესახებ განაცხადების მიღება.
რაც შეეხება ა(ა)იპ საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირს, სპორტის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისწავლა მისი განაცხადი აღიარების შესახებ და დაადგინა, რომ განაცხადი შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.