კულტურის სამინისტრო ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა; პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსის ბიუჯეტია 300 000 ლარი.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე არაუმეტეს 1 აკადემიური წლის ვადით სწავლის მსურველთა ხელშესაწყობად.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი (სამინისტროსთვის მოთხოვნილი თანხა) შესაძლებელია დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და საზღვარგარეთ რომელიმე უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლაში სურს ხელშეწყობა; ან/და ეუფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმით განსაზღვრულ დეფიციტურ, მოთხოვნად პროფესიას; ან/და შეთანხმებულია საქართველოში მოქმედ რომელიმე სახელოვნებო ან სახელოვნებო-საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან საზღვარგარეთ სწავლის შემდგომ დასაქმების თაობაზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-იდან 35 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს ან ჩაირიცხა:
ა) საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) უცხოეთის სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25 %-ისა. ეს პირობა არ ეხება იმ კონკურსანტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან უფასო აკადემიურ პროგრამაზე და გადასახდელი აქვთ მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის საფასური (მისი არსებობის შემთხვევაში).
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 31 ივლისიდან 2024 წლის 9 აგვისტოს 12:00 საათამდე, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229, 599 02 01 98 (სამუშაო საათებში).
კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 აგვისტოსი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/UezoS8Wc

შეგახსენებთ: 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 300 000 ლარი. 38 განმცხადებლიდან 21 ახალგაზრდა ხელოვანის განათლების ხელშეწყობა დაფინანსდა საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, ფინეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის სახელოვნებო სასწავლებლებში.
2022 წელს კონკურსის ჯამური ბიუჯეტი თავდაპირველად შეადგენდა 200 000 ლარს, თუმცა განმცხადებლების სიმრავლისა და კონკურსის დებულებით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, სამინისტრომ შეძლო კონკურსის ბიუჯეტის 30 000 ლარით გაზრდა. კონკურსის მონაწილე 37 ახალგაზრდიდან კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა ხარჯის დაფინანსებით ხელი შეუწყო 12 კონკურსანტის სწავლას გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიისა და ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 185 000 ლარს. სამინისტროს 80-მა განმცხადებელმა მომართა. დაფინანსდა 22 ახალგაზრდა. მათგან ცხრა ახალგაზრდას სწავლაში სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობა დაუფინანსდა საქართველოს, ხოლო 13 კონკურსანტს – აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო სასწავლებლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები