კულტურის სამინისტრო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს!
კულტურის სამინისტრო დიდ მაესტროს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ რობერტ სტურუას, დაბადების დღეს ულოცავს!
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში აღიარებულ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორს, რობერტ სტურუას, განუზომელი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურისა და თეატრის განვითარებაში. მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენებზე გამოსვლით რუსთაველის თეატრმა და რობერტ სტურუამ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს.
„რობერტ სტურუა რუსთაველის ეროვნულ თეატრში მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოღვაწეობს. ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული ხელწერით.
რეჟისორის პირველი დიდი წარმატება იყო ა. მილერის „სეილემის პროცესი“ (1965 წელი). შემდეგ არანაკლები წარმატება მოიპოვა „სამანიშვილის დედინაცვალმა“ (დადგა თემურ ჩხეიძესთან ერთად), „ხანუმამ“, „ყვარყვარემ“, „კავკასიურმა ცარცის წრემ“, „რიჩარდ III“-მ. რობერტ სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ კი მის მიერ ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა.
რობერტ სტურუა სპექტაკლებს დგამდა სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ თეატრებში, ქალაქებში: საარბრიუკენში, დიუსელდორფში, ათენში, მოსკოვში, ბუენოს-აირესში, თელ-ავივში, ლონდონში, სტამბულში, ჰელსინკიში, სამარაში, ვაიმარში, რომში, კიევში, ანკარაში, იერუსალიმში.
ქართველ რეჟისორს მიღებული აქვს არაერთ პრემია და საერთაშორისო ჯილდო. ის არის საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის, საქართველოს სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის პრემიების ლაურეატი; სტანისლავსკის სახელობის საერთაშორისო პრემიის, „ოქროს ნიღბის“ (რუსეთი), ბუენოს-აირესის თეატრის ისტორიკოსთა და კრიტიკოსთა ასოციაციის პრემიის (არგენტინა) მფლობელი.
2014 წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა რობერტ სტურუას მსოფლიო თეატრის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი წვლილისათვის მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება მიანიჭა. მას ასევე მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის” მთავარი პრემია და ა. შ.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „რობიკოს მასტერკლასი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში შედგა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღეს, პატივს მიაგებს მის მიერ ქართული კულტურისათვის გაღებულ უდიდეს ღვაწლს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.