საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიასპორის საკითხებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიასპორის საკითხებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დიასპორების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში დიასპორების დახმარების თვალსაზრისით. დიასპორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნის მიმართულებით.
დაიგეგმება ერთობლივი დიასპორული ღონისძიებები, სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები. ეროვნული ბიბლიოთეკა ჩაერთვება სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ენის კურსების მოწყობაში და ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოს მომზადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება უცხოეთიდან არქივების ჩამოტანაში.
სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გამოფენილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის ამსახველი დოკუმენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები