ლაშა ხუციშვილი: საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში

საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სწორი ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისათვის, ხარისხიან, სანდო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სტატისტიკის სამსახური ასრულებს ქვეყნის განვითარებისათვის, ქვეყანაში საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით წარმოებული სტატისტიკური მონაცემების რეგულარული წარმოების გზით.

„ამ კუთხით სტატისტიკის სამსახური ნამდვილად გამორჩეული ინსტიტუციაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ხარისხს და ამარაგებს პოლიტიკის განმახორციელებლებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმატებით განხორციელდა SNA2008 მეთოდოლოგიაზე გადასვლა, ხოლო მიმდინარე წელს მოხდა მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა ინდიკატორების მონაცემთა მწკრივის გადასინჯვა ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებული პოლიტიკის შესაბამისად (Harmonized European Revision Policy). 2020 წელს საქსტატმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ახალი მეთოდოლოგია. დასაქმება-უმუშევრობის სტატისტიკაში აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის იმ პრაქტიკაზე, რომელიც აქვს ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

„თანამშრომლობა გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას, მონაცემთა სწრაფ და უპრობლემო გაცვლას, მით უმეტეს რომ სტატისტიკის საწყისი მონაცემების ერთ-ერთი წყარო, ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ინსტიტუტები არიან. ჩვენ ერთობლივ მუშაობას წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა უდგას, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ სტატისტიკის შემდგომი რეფორმირების მიმართულებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მიულოცა საიუბილეო თარიღი და წარმატება უსურვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც წელს ახორციელებს სამსახური – ესაა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები