თორნიკე რიჟვაძე – სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე: რამდენიმე თვის წინ პირდაპირი ზეწოლა განხორციელდა პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ – ეს არის იმ საერთო ჯაჭვის გაგრძელება, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს

მინდა მადლობით დავიწყო და საქართველოს სპეცსამსახურებს, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ძალიან ადრეულად იმ პრევენციისთვის, იმ ძალიან ვერაგული გეგმის გამომჟღავნებისთვის, გამოვლენისთვის, რომელმაც ქვეყანას და ჩვენს პოლიტიკურ ლიდერს ძალიან დიდი რისკი აარიდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით საქართველოს არაკეთილმოსურნეებს, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმით, სურდათ შეეჩერებინათ ქვეყნის სტაბილური განვითარება და მშვიდობა.

„როდესაც საუბარია ისეთ პერსონაზე, ისეთი ტვირთის მატარებელ და ამავე დროს, ისეთი დამსახურების მქონე ადამიანზე, როგორიც გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. სწორედ, ამ ადამიანზე და იმ ძალიან დიდ დამსახურებაზე დგას ქვეყანაში უწყვეტი, 12-წლიანი მშვიდობა, ის განვითარება, ის სტაბილურობა, რომელიც ასე აწუხებს და ძალიან დიდ თავის ტკივილად იქცა ფსევდოლიბერალური ფაშისტური ძალებისთვის.

რეალურად ეს გახლავთ, ეს კონკრეტული ამ აქტის მომზადების მცდელობაც, რომელზეც გამოძიება და უსაფრთხოების სამსახური კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებენ თუმცა ჩვენთვის გეგმა ყველასთვის და საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. რეალურად, თავის ტკივილი, რომელიც იქცა მათ შორის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სუფევს მშვიდობა, სტაბილურობა, ეს არის გაგრძელება იმ ფაშისტური ტენდენციების, რომელიც ვნახეთ მათ შორის ევროპაში, რომელიც ვნახეთ სლოვაკეთში და ამ ბოლო დროს უკვე აშშ-ში მოხდა საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა. რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ის მტკიცებულებები, ის ფაქტები, რომელიც გახდება ცნობილი, კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს თუ რამდენად დიდია მცდელობა ჩვენი ქვეყნის არაკეთილ მოსურნეების მხრიდან, მოაქციონ ჩვენი ქვეყანა ამ რისკების ქვეშ, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებზე განახორციელონ და მოამზადონ მსგავსი ტიპის ძალიან ვერაგული გეგმები.

იცით, რომ ეს კონკრეტული ქმედება არ იყო ბოლო, რომელიც ამ შემთხვევაში გამოვლინდა. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ პირდაპირი ზეწოლა, პირდაპირი შანტაჟი განხორციელდა პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ. და რა თქმა უნდა, ეს არის იმ საერთო ჯაჭვის გაგრძელება, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. და რა თქმა უნდა ის, რომ 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით „ნაცმოძრაობის“ დამარცხებით, გარე ძალებს ქვეყანაში ჩამოეშალათ, მათ მიერ წლების განმავლობაში მართული მოკლე აგენტურული დაჯგუფებები, რა თქმა უნდა, ისინი არ აძლევენ ქვეყანას დამშვიდების საშუალებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა რამდენიმე კვირის წინ თავის გამოსვლაში, არავის არ ეგონოს, რომ ეს გახლავთ ან შევარდნაძის საქართველო ან იანუკოვიჩის უკრაინა და ვინმეს, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს მიეცემათ საშუალება ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობა ეჭვქვეშ დააყენონ და ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები