ანსამბლმა „რუსთავმა” ტურნეს ფარგლებში მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართა კონცერტი

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი” განახლებული შემადგენლობით მართავს ვოკალურ საღამოებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტმა ანსამბლის გრანდიოზულ კონცერტს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დიდი პატივით უმასპინძლა.
ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა სვანეთის ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს”  უძველესი სიმღერის – „ლილეს” ჰანგების ფონზე. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ღონისძიების არსსა თუ მნიშვნელობაზე ისაუბრა მესტიის მერის მრჩეველმა სოციალურ და კულტურის საკითხებში ლევან კიკვიძემ. მან მადლობა გადაუხადა ანსამბლ „რუსთავის” ხელმძღვანელს, დავით შანიძესა და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს იმ კოლოსალური მხარდაჭერისათვის, რასაც მესტიის მუნიციპალიტეტი ესოდენ ძლიერ განიცდის მისი გონივრული მენეჯმენტის პირობებში.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და საზოგადოება აღაფრთოვანა. მათ მიერ შესრულებული თითოეული სიმღერა მსმენელის აღტაცებას იწვევდა, თუმცა განსაკუთრებული ოვაცია მათ მიერ საოცრად შესრულებულმა აფხაზურმა გამოიწვია.
ღონისძიება დადებითი ემოციებით იყო გაჯერებული, წარმოდგენილი გახლდათ რამდენიმე ერთმანეთისგან გამორჩეული და განსხვავებული ნომერი, დასასრულს კი, ანსამბლ „რუსთავისა” და ანსამბლ „რიჰოს” მიერ ერთობლივად შესრულდა სვანური, რამაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კიდევ უფრო მეტად გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადა.
კონცერტის საპატიო სტუმარი იყო ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე, რომლის სტუმრობაც მნიშვნელოვან როლს სძენდა დღევანდელ დღეს.
ანსამბლ „რუსთავის“ მომდევნო კონცერტი 23 ივლისს ჩოხატაურში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები