პრეზიდენტი ოლიმპიადის მონაწილეებს – დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა

დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სპორტი ქართველებისთვის ერთობის ერთ-ერთი სახეობა გახდა და ამიტომ ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, ქალბატონ ელჩს, მოგესალმებით თქვენ, ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებო, ვინც დღეს მიდიხართ საფრანგეთში იმისათვის, რომ საქართველო წარმოადგინოთ და საქართველოსთვის მოიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი მედალი. აღინიშნა, რომ ჩვენ, რაც ვმონაწილეობთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მივიღეთ 40 მედალი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ბევრი ქვეყნის შედეგი, რომელიც მონაწილეობს საუკუნეზე მეტი. ასე რომ, მე ვარ სრულიად დარწმუნებული თქვენს შემართებაში და შემდგომ თქვენს გამარჯვებაში. თქვენ არა მხოლოდ არაჩვეულებრივი დონის სპორტსმენები ბრძანდებით, ასევე ხართ ამ ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ის მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგალითი ხართ შემართების, თავდადების, პროფესიონალიზმის, მაგალითი, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე, როცა გინდა, უფრო მაღალ ეტაპზე ახვიდე. მაგალითი – ქვეყნისთვის და შენი გამარჯვებისთვის, პირადიც არ უნდა დავივიწყოთ, ეს ორივე ერთად მოდის.

თქვენ მზად ხართ ძალიან ბევრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ დღეს არის ეგზისტენციალური და ეს თამაშებიც არის ეგზისტენციალური. ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, გახდა ერთობის ერთ-ერთი სახეობა. ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთად გახარების, რაც ძალიან გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ [წარმატებით] დაგვიბრუნდებით და ესეც იქნება ერთი დიდი გახარების მომენტი. მინდა, მოგიწვიოთ პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩამოხვალთ. თქვენ ჩამოხვალთ ძალიან ბევრი მედლით. მართალია, ამ წელს რაოდენობით ნაკლები ხართ, როგორც გუნდი, მაგრამ ხარისხით, მე დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას და ჩვენთან დაბრუნებას ამ ძალიან დიდი წარმატებით. ჩვენ რომ გაგვახაროთ, თქვენც რომ გაიხაროთ. ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები