Reuters: აშშ-მა ისრაელისთვის ავიაბომბების მიწოდება აღადგინა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 500-ფუნტიანი ავიაბომბების მიწოდება აღადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ჯო ბაიდენი 2 000-ფუნტიანი ბომბების მიწოდებისგან ჯერ ისევ თავს იკავებს, რადგან ეშინია, რომ მისი გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში მოხდება.
„ჩვენ ნათლად მივანიშნეთ, რომ 2 000-ფუნტიანი ბომბების გამოყენება, განსაკუთრებით რაფაჰში, გვაშფოთებს, თუმცა, როგორც მათ თქვეს, იქ ოპერაცია დასრულებულია“, – ციტირებს სააგენტო ამერიკელ ჩინოვნიკს, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს.
ინფორმაციისთვის, ამერიკამ ისრაელისთვის 2 000 და 500-ფუნტიანი ავიაბომბების მიწოდება მაისში შეაჩერა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეშფოთებას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ისრაელი ასეთი ტიპის ბომბებს რაფაჰის დასახლებულ პუნქტში იყენებდა, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს.