დიმიტრი პესკოვი: ნატოს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან
ნატოს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიალოგის მომხრეები არ არიან. ნატოს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ ნატოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა.
„ჩვენ ვხედავთ ნატოს გადაწყვეტილებას შავი ზღვის ქალაქებში ლოგისტიკური ჰაბების შექმნისა და ევროპაში დამატებითი პუნქტების გახსნის შესახებ.
ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა მუდმივად, თანდათანობით ჩვენი საზღვრებისკენ მოძრაობს.
აშკარაა, რომ ალიანსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება წარმოადგენს. ეს გვავალდებულებს, რომ მიღებული დეკლარაციის ტექსტი ყურადღებით გავაანალიზოთ – ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა.
ნატოს შეკავების მიზნით, ყოველივე ეს ჩვენგან გააზრებული, კოორდინირებული, ეფექტური საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს“, – განაცხადა პესკოვმა.