საქართველოს ელჩი გერმანიაში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვედა

   საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს 20-21 თებერვალს ევროკომისრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები. გიუნტერ ოტინგერმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და მის გაწევრიანებას ევროკავშირში. ის ასევე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის აქტიურ ძალისხმევას, გამართონ მრავალრიცხოვანი შეხვედრები და ვიზიტები დასავლელ კოლეგებთან. შეხვედრაზე გიუნტერ ოტინგერი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში ესტუმროს საქართველოს საელჩოს ბერლინში და ისაუბროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს მხარდაჭერისათვის, აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ სტრუქტურებში და რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს მრჩეველი მაკა ხვადაგიანი და ბერლინში ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკური განყოფილების თანამშრომელი იოანა შმიდტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები