თეა წულუკიანი „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა წევრებმა მათ მიერ გაწეული საქმიანობის, გამოცდილებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო „OGP“-ის 2015-2018 წლების სტრატეგია, რომლის განხორციელებაზეც ახალი მმართველი კომიტეტი იქნება პასუხისმგებელი. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მმართველი კომიტეტის მოქმედ და ახალ წევრებს „OGP“- ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველო დაწინაურებული ქვეყანაა ბევრი მიმართულებით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულებას, ღიაობას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.
„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება საქართველოში. ჩვენს ქვეყანას პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ამ და ბევრი სხვა ინოვაციის შეთავაზება შეუძლია“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. ღია მმართველობის წევრმა ქვეყნებმა საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს განსაკუთრებული მიღწევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. წელს პირველად კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. ღია მმართველობის პარტნიორობის განახლებული მმართველი ორგანო მუშაობას 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.
მმართველი კომიტეტის ფუნქციაა, ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები; ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას.
ნიუ-იორკში 24 სექტემბერს „OGP“-ის მესამე საიუბილეო სამიტი გაეროს ასამბლეის პარალელურად ჩატარდა. „OGP“-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვერას გაეროს შტაბ-ბინამ უმასპინძლა. საქართველო ამ შეხვედრაზე პირველად წარდგა, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი. მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. მაღალი დონის შეხვედრაზე სამიტის მონაწილეებს „OGP“-ის 64 წევრი ქვეყნიდან 9 ქვეყნის მეთაურმა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმართეს. ორივე შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ღია მმართველობის პარტნიორობა მსოფლიო ინიციატივაა, რომელიც 64 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია, მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქართველო პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა (Open Government Partnership) ეკუთვნით: აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფს, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ეს ინიციატივა დღეს 64 სახელმწიფოს აერთიანებს. მთავრობამ უკვე დაამტკიცა „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად „ღია მმართველობა -საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს 15 ქალაქში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია 27 ვალდებულება. გეგმის სრული ვერსია გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.justice.gov.ge. ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობას ეროვნულ დონეზე კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები