უკრაინამ და ლუქსემბურგმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა ვაშინგტონში უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ვაშინგტონში მე და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა ხელი მოვაწერეთ ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ლუქსემბურგი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეთანხმება ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ღირებულებით თანამშრომლობას ეხება.
„ლუქსემბურგი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ჩვენს გაძლიერებას ევროპულ და ევროატლანტიკურ მიმართულებებში – უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში – და ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და აღდგენას. მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს სამართლიანობისა და მშვიდობის არჩევისთვის!“, – განაცხადა ზელენსკიმ.