ჯო ბაიდენი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინა გაიმარჯვებს, მან პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
ამასთან, მისივე თქმით, ნატო დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა.
„ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს მის ისტორიაში. როდესაც ეს უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს ის კვლავ თავისუფალი ქვეყანაა და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს.
„პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება და რუკიდან წაშლა სურს, ნაკლები არაფერი. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“, – აღნიშნა ბაიდენმა.