„აშშ და მოკავშირეები გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას“ – ბაიდენი რუსეთის სარაკეტო იერიშზე
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმის შემდეგ გამოქვეყნდა.
„რუსეთის სარაკეტო დარტყმები, რომლებმაც 8 ივლისს ათეულობით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა და კიევის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოში ზარალი და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის გვერდით დგომა ასეთ მომენტში და ჩვენ არ უგულებელვყოთ რუსული აგრესია“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 8 ივლისს უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 36 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 140 პირი.