“ჩვენ ახალი თაობა ვართ და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია” – მამარდაშვილი

„ბოლო 2-3 წელი ვმუშაობდით, რომ აქამდე მოვსულიყავით და ის ფეხბურთი გვეჩვენებინა, რაც ევრო 2024-ის ოთხ მატჩში იხილა ქართველმა გულშემატკივარმა. სამწუხაროდ, ბოლო თამაშში არ გაგვიმართლა, რადგან ესპანეთი შეგვხვდა, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მგონია, რომ ტურნირის მოგებაც შეუძლია”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

“მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, ოთხივე დასამახსოვრებელი თამაში იყო. კიდევ გვინდოდა დარჩენა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სახლში ვბრუნდებით. არა უშავს, ისევ დავბრუნდებით დიდ ტურნირებზე და ისევ გავახარებთ ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება ჩემ მიერ მოგერიებულ 30 დარტყმას, როგორც ვთქვი, ბოლო 2-3 წელი ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, რომ მაღალი დონის შეხვედრები ჩამეტარებინა, მზად ვყოფილიყავი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ჩემი აზრით, შედეგიც კარგი იყო, მიხარია, გუნდს თუ დავეხმარე.

ჩვენ ახალი თაობა ვართ და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ამ ოთხ თამაშში ფეხბურთის ძალა გამოჩნდა, რომელმაც საქართველო გააერთიანა. ამ პერიოდში მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობდნენ, ამით ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები ვართ. ამიტომ სპორტის განვითარებას ქვეყანაში უფრო მეტი დრო და ენერგია უნდა დაეთმოს”, – აღნიშნა მამარდაშვილმა პირველ არხზე, „მოამბეში“ ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები