სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე მიიწვიეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში დაგეგმილ ნატოს შეხვედრაზე მიიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის.

„ველოდებით, რომ შეხვედრაში ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ო’ბრაიენის თქმით, ჯამში, ღონისძიებაში ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ო’ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრა დააორგანიზოს.

„იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დროში ნახავენ შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, მოხარულები ვიქნებით ისინი ნებისმიერ როლში მივიღოთ, რომლის შესრულებასაც შევძლებთ. მაგრამ არის ბევრი არხი, ორივე მხარე ძალიან ეფექტიან პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ამ პროცესში მეგობრების ხარისხში ვმონაწილეობთ, რითაც შეგვიძლია დახმარება“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები