უჯარმის ციხე-ქალაქის კონსერვაცია-რესტავრაციის მეექვსე ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„უჯარმის ციხე-ქალაქი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირის ფერდობზე, თბილისი-თელავის სამანქანო გზის პირას. ციხე-ქალაქი რთულ რელიეფზე – 30000 კვ.მ. ფართობზეა გაშენებული. იგი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ციტადელი – ზედა ანუ დედაციხე, სადაც განლაგებულია მეფეთა სასახლე, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესია, მარანი და წყალსაცავი. ქვედა ციხე კი ციტადელის ჩრდილოეთი მხრიდან მდინარე ივრის ნაპირამდე ოთხკუთხა გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლების უწყვეტობას არღვევს ერთმანეთისგან სიმეტრიულად დაშორებული გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკები. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად, ვახტანგ მეფის (გორგასალი) სახელთანაა დაკავშირებული.
2021-2022 წლებში განხორციელდა მეხუთე ეტაპი, რომლის ფარგლებში შესრულდა N5 კოშკის და N13ა ნაგებობის აღდგენითი და საკონსერვაციო სამუშაოები, ასევე, ინექტირდა N13 აუზის ბზარები და აღდგა დაზიანებული კედლები. ციტადელი და ქვედა ციხე ერთმანეთთან დაკავშირდა საგანგებოდ მოწყობილი კიბეებით. გარდა ამისა, საავტომობილო გზის მხრიდან ციხის გარე პერიმეტრზე მოეწყო განათება.
საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების მეექვსე ეტაპი 2023 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აღდგა №5 და №6 კოშკებს შორის არსებული დაზიანებული გალავანი, ასევე, კონსერვაცია ჩაუტარდა N6 და N7 კოშკებს შორის არსებულ გალავანსა და N7 კოშკს.
მეექვსე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ა(ა)იპ „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრმა“ შეასრულა.
სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის ჯამში დახარჯულია 1 914 464 ლარი.
ინფორმაციისთვის: უჯარმის ციხე-ქალაქის კონსერვაცია-რესტავრაცია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე სამუშაოების ექვსი ეტაპი განხორციელდა.
2018 წელს ჩატარდა უჯარმის ციხე-ქალაქის კონსერვაცია-რესტავრაციის მე- 2 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ციტადელის სხვადასხვა ნაწილი მიწისგან და ხე-მცენარეებისგან გაიწმინდა, ასევე, რეაბილიტირდა N3 და N19 კოშკები.
მესამე ეტაპზე, 2019 წელს, მოეწყო სავალი ბილიკები, ლითონის გადასასვლელი ხიდი და ორი ლითონის კიბე მოაჯირებით, ასევე, განხორციელდა N16 კოშკის რესტავრაცია-კონსერვაცია.
2020 წელს, მეოთხე ეტაპის ფარგლებში, აღდგა ციტადელის ჩრდილოეთ გალავანი, N2, N17, N18 კოშკები გაიწმინდა და ჩაუტარდა კონსერვაცია, კაფეს სახურავზე მოეწყო ფარდული, ასევე, ხე-მცენარეებისგან გაიწმინდა N1 კოშკსა და N3 კოშკებს შორის გალავანი და N21 წყლის რეზერვუარი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.