საქსტატი: მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 9.3%-ია.

2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საქსტატის თანახმად, მაისში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 10.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად, კერძო სექტორის ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ თვეში 6 284 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლიურად 5.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან მიმართებით შედარებით უფრო კონსერვატიულ პროგნოზს ინარჩუნებს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც მარტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა. პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-ის ნაცვლად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები