სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სამი გამარჯვებული თეატრი გამოვლინდა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრის კრიტიკოსების, რეჟისორებისა და თეატრმცოდნეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელშიც ორი უცხოელია, ქართულ და უცხოურ დასებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა.
ესენია:
I ადგილი – სპექტაკლი „ფიროსმანი“ – მოხეტიალე მთვარის თეატრი;
II ადგილი – სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“ – მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (მესტია);
III ადგილი – სპექტაკლი „მეთორმეტე სახლი“ – მელექ სეილანი და მისი გუნდი (თურქეთი).
გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად ფესტივალის სპეციალური სიგელები და კომპანია „ზარაფხანის“ მიერ ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცათ. საგულისხმოა, რომ წლევანდელი საპრიზო ფონდი გაზრდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თეატრების სადადგმო თუ საგასტროლო ხარჯისა და ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, მხარდაჭერით დაფუძნებული სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი 4 -11 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრალური დასები. 13 მონაწილეს შორის იყვნენ თურქეთის, პოლონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების თეატრალური კოლექტივები და ორი დასი ესპანეთიდან. ფესტივალი სწორედ „მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლით „ფიროსმანი“ გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა დადგა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ივნისში, ერთი კვირის განმავლობაში, ტარდება. მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები, სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები. წელს სიღნაღის თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო სტატუსით ჩატარდა და მასში უცხოური დასებიც მონაწილეობდნენ.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი. საკონკურსოდ შერჩეულ სპექტაკლებთან ერთად ფესტივალი საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავს, კერძოდ: ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები უძღვებიან.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ თეატრთა დასებსა და ხელმძღვანელებს, ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები