თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მერაბ ელიოზიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ცნობილი მწერლის, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დრამატურგისა და მსახიობის, მერაბ ელიოზიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მწერლის ოჯახის წევრები, რეჟისორები, მსახიობები, თეატრალური და კინოს სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო საღამოზე, რომელიც გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით დაიდგა, ისაუბრეს მსახიობისა და მწერლის ღვაწლზე ქართული თეატრის განვითარებაში, გაიხსენეს მისი შემოქმედება და სასულიერო მოღვაწეობა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პატრიარქის ნათლულების გუნდი ,,საგალობელი”, მოზარდ მაყურებელთა, ლიტერატურული და თუმანიშვილის თეატრის მსახიობები. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მერაბ ელიოზიშვილის პიესებისა და კინოსცენარების კრებულების ორტომეულის პრეზენტაცია შედგა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა.
მსახიობი, მწერალი და სცენარისტი მერაბ ელიოზიშვილი 1934 წლის 18 დეკემბერს, ქალაქ ცხინვალში დაიბადა. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მიიღო. 1958 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა მისი პირველი სამი მოთხრობა, რის შემდეგაც ჟურნალისთვის არასდროს უღალატია. ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა მისმა პირველმა მოთხრობამ – „ბებერი მეზურნეები“, რომელიც შემდგომ პიესადაც გადააკეთა. ავტორია ორი წიგნისა, ასევე ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარისა, ესენია, „დიდი მწვანე ველი“ და „თეთრი ქარავანი“.
მისი ქმნილებები დღემდე პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ბევრ მათგანზე საგანგებო მნიშვნელობის ფილმი და სპექტაკლი დაიდგა. დიდია მისი თხზულებების რიცხვიც: „მოლოდინი” – 1961წ., „დიდედები და შვილიშვილები” – 1964წ., „სინოს წითელი ხარები” – 1968წ., „ძმანო კახელნო” – 1974წ., „კურდღლის სიმღერა” – 1987წ. და სხვა; პიესები: „სარკე”, „დათვები”, „ბერიკონი”, „არაფერი”; კინოსცენარები: „გზები და გზაჯვარედინები”, „დიდედები და შვილიშვილები”, „ძროხის ქურდი”, „დიდი მწვანე ველი”, „დურდო გიორგობისთვის” და სხვ.