ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად ცდილობდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე და 19, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, გასაღების მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები