ჭიათურაში ივანე ჯაფარიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

8 ივნისს ჭიათურის კულტურის ცენტრში საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის,გეოლოგიის დოქტორის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის,“ქართული კულტურის რაინდის“, ჭიათურის საპატიო მოქალაქის ივანე ჯაფარიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები,ივანე ჯაფარიძის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ცნობილი ალპინისტების, და-ძმა ჯაფარიძეების ღირსეული შთამომავლის და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ივანე ჯაფარიძის ბიოგრაფია სავსეა საინტერესო ფურცლებით. ის ბავშვობიდან ეზიარა მთების სიყვარულს, რაც მის ცხოვრებას ლაიტმოტივად გაჰყვა. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ალპინიზმს ისტორიას, მის მეცნიერულ კვლევასა და შესწავლას, გამოცემული აქვს წიგნი“ მყინვარწვერიდან -ევერესტამდე“.

სცენაზე მხატვრულად გაცოცხლდა ბატონი ივანეს და მისი სახელოვანი წინაპრების ცხოვრების ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები,მაყურებელმა იხილა არაერთი ფრაგმენტი სატელევიზიო ჩანაწერებიდან.

ღონისძიება კვარტეტმა „ჭიათურამ“,საჩხერის სამუსიკო სკოლის მევიოლინეებმა ( პედაგოგი ნანი შეყილაძე) და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩანგმა“ და ივანე ჯაფარიძის შვილიშვილმა ივლიტა უგრელიძემ გააფორმეს.

ჭიათურის მერმა სახელოვან თანაქალაქელს იუბილე მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.

„ბატონი ივანე ჯაფარიძე არის ადამიანი, რომელიც არა მარტო ჭიათურლებს,არამედ მთელ საქართველოს უყვართ და პატივს სცემენ. მისთვის მშობლიური ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. წლების განმავლობაში, თავის საავტორო გადაცემებში რადიოსა და ტელევიზიაში,ის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ჭიათურას და მის სოფლებს. დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება ივანე ჯაფარიძისნაირი ადამიანები! კიდევ ძალიან დიდხანს ევლოს მის დიდებულ გზაზე ასე საამაყოდ! -ღნიშნა გივი მოდებაძემ.

ივანე ჯაფარიძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს : მწერალთა კავშირის საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ზაალ ბოტკოველმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გუბაზ მეგრელიძემ, თბილისის საპატიო მოქალაქემ დემიკო ლოლაძემ, პუბლიცისტმა ზაურ ნაჭყებიამ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ ჯაფარიძემ, მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, ექიმმა მერაბ კვიცარიძემ, გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორმა მურთაზ კანკაძემ,ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაძემ იუბილარს თეატრის განსაკუთრებული სიყვარულისთვის მუდმივი ბილეთი გადასცეს,თავისი რიგის და ადგილის მითითებით.

იმ დღესვე ნინოშვილის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ მთამსვლელობის ფუძემდებლები საქართველოში და-ძმა ალექსანდრა, ალიოშა ჯაფარიძეები და ჭიათურაში ალპინისტური სექციის დამაარსებელი ნოე ჯაფარიძე, მემორიალური დაფა გაიხსნა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები