ღუდუშაურების ციხის გალავნისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ღუდუშაურების ციხის გალავნისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ღუდუშაურების (სნოს) ციხის კლდოვანი ბორცვის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელზედაც ციხის გალავნის კედელი იყო დაფუძნებული, უხვი ნალექის შედეგად, 2022 წლის მაისში ჩამოიშალა.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იმავე წელს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ციხის გალავნისა და ეზოს რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით. საბოლოო საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც დადებითად შეფასდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, სააგენტომ მიიღო 2024 წლის თებერვალში, რის შემდგომაც გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ფიზიკური სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ა(ა)იპ „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრმა“, რომელმაც 2024 წლის 11 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ტერიტორია მიწისგან და ბიოსაფარისგან გაიწმინდება, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამონგრეული კედელი აღდგება, ასევე, ჩატარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დაზიანებული გალავნის ფრაგმენტის გამაგრებითი სამუშაოები, გადაეწყობა გალავნის ზედაპირზე არსებული მორყეული ქვების წყობა და კედლის წყობებს შორის ნაკერები ამოიგოზება. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობაც, კერძოდ, მოეწყობა ციხის ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კიბე და საფეხმავლო ბილიკები, ასევე, განახლდება ციხის გარე განათების სისტემა.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტოს მიერ გამოყოფილია 189,757 ლარი.
ღუდუშაურების ციხე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირას, ბუნებრივი შავფიქალა დამრეცი კლდის ბორცვზეა აღმართული. გალავნით შემოსაზღვრულ ეზოს წრეს მიმსგავსებული გეგმა აქვს. ეზოს ჩრდილოეთით, ყველაზე მაღალ ადგილას, ერთადერთი კოშკია ამოზრდილი. კოშკი რთულ რელიეფზე ნაგებ, უსაძირკვლო გალავანშია ნაწილობრივ ჩართული. კოშკის კედლის წყობა – პირმოსწორებული და დაკუთხული დიდი ლოდები, დამახასიათებელია განვითარებული შუა საუკუნეების სათავდაცვო ნაგებობებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები