ვიქტორ ორბანი: თუ უკრაინას მივცემთ უფლებას დაარტყას რუსეთს იმ იარაღით, რომელსაც იტალიაც აწვდის – ამას რუსეთისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება
თუ უკრაინას მივცემთ უფლებას დაარტყას რუსეთს იმ იარაღით, რომელსაც იტალიაც აწვდის – ამას რუსეთისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ უკრაინა რუსეთს დასავლური შეიარაღებით დაარტყამს, კონფლიქტში ნატოს ჩართვის რისკი გაიზრდება.
„ომი რუსეთმა დაიწყო, ამაში ეჭვი არ არის, მაგრამ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ: ან ვიპოვოთ დიპლომატიური გზა, ან უფრო ღრმად შევიდეთ ომში. თუ უკრაინას მივცემთ უფლებას დაარტყას რუსეთს იმ იარაღით, რომელსაც იტალიაც აწვდის, ამას შედეგად რუსეთის ძლიერი პასუხი მოჰყვება და კონფლიქტში ნატოს ჩართვის რისკი გაიზრდება“, – აღნიშნა მან.
ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოებას მშვიდობა სურს და არა – ომი.
„ევროკავშირის იდეა სამშვიდობო პროექტზე დაიბადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ გააცნობიერა, რომ კიდევ ერთ ომს ვერ გადაურჩებოდა.
ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა არის ევროპის სტრატეგიული ინტერესი და მოვუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს ყველაფერი არასწორია და საზოგადოებრივ აზრს მშვიდობა სურს და არა ომი, რომელიც არ არის პოლიტიკური თამაში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.