თეთრ სახლში განმარტავენ, რომ უკრაინის მიმართ ზოგადი მიდგომის შეცვლა, რომელიც რუსეთზე ამერიკული იარაღით თავდასხმას გულისხმობს, არ იგეგმება
თეთრი სახლი უახლოეს მომავალში არ გეგმავს ზოგადი მიდგომის შეცვლას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმას ეხება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის არ გააკეთებს განცხადებას იქამდე, სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის რუსეთზე თავდასხმის კონტექსტში.
„არ ველოდები, რომ ეს ზოგადი მიდგომა შეიცვლება უახლოეს კვირებსა და თვეებში. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – დასძინა მან.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინულ მხარესთან ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად.
გარდა ამისა, თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით თავდასხმის ნებართვა ვრცელდება არა მხოლოდ ხარკოვის რეგიონის, არამედ სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე.
თავის მხრივ, კიევს სურს შეთანხმდეს აღნიშნული ნებართვის ფარგლების გაფართოებაზე.