ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა მისცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.
ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნებართვა მისცა უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხარკოვს უტევდნენ.
მისი თქმით, აშშ პასუხობს იმას, რაც ხარკოვის რეგიონში და მის გარშემო დაინახა.
„უკრაინამ გვთხოვა ნებართვა, გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, ეს თხოვნა პირდაპირ მივიდა პრეზიდენტთან და როგორც უკვე გაიგეთ, მან მისცა ნებართვა, გამოიყენონ ჩვენი იარაღი ამ მიზნით“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, ბლინკენის თქმით, აშშ წარადგენს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატოს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
„როგორც მოკავშირეები შეთანხმდნენ და ნათლად განაცხადეს ვილნიუსში, ბოლო სამიტის დროს, უკრაინა გახდება ნატოს წევრი.
ჩვენი მიზანი ახლა არის ხიდის აშენება, რათა უკრაინა დაუახლოვდეს და საბოლოოდ მივიდეს ნატოს წევრობამდე.
როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ხიდი, რომელსაც, ვფიქრობ, იხილავთ სამიტზე.
სამიტზე ჩვენ წარვადგენთ უკრაინის მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ნატოს თანამშრომლობას და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ნატოში ინტეგრაციას“, – განაცხადა ბლინკენმა.