სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარი დაუჭირა

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, რობერტ გოლობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა გოლობმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

„აღიარების ეს გზავნილი არავისკენ არ არის მიმართული, მათ შორის, არც ისრაელის სახელმწიფოსკენ. ეს არის მშვიდობის გზავნილი. დღეს დადგა მომენტი, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველამ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.

სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ინფორმაციისთვის – 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები