მოლდოვამ მოქალაქეობის გაცემის პროცედურა გაამკაცრა
მოლდოვის პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.
როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური იუწყება, ცვლილებების მიხედვით, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებისთვის მოქალაქეობის გაცემის წესები გამკაცრდება.
„პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მოლდოვის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტს. კანონმდებლობა მოიცავს უფრო მკაცრ წესებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაუცველობისა და რისკების აღმოფხვრას“, – ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძოდ, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ პირები, რომლებიც განცხადების განხილვისას იხდიან ან მომავალში უნდა მოიხადონ სისხლის სამართლის სასჯელი, აქვთ დანაშაულებრივი წარსული ან არიან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ, ვერ შეძლებენ მოლდოვის მოქალაქეობის მიღებას. გარდა ამისა, მოქალაქეობაზე უარი ეთქვათ იმ პირებსაც, რომლებმაც ყალბი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები წარმოადგინეს. მოქალაქეობის მისაღებად განაცხადები კოორდინირებული იქნება ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურთან.
ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოლდოვის მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით უკრაინიდან და რუსეთიდან.