„ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A)  და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd). მათ 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა. ამ პერიოდში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ორივე კომპანიასთან, მაგრამ წინადადებები მივიღეთ მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან. მინდა  გითხრათ, რომ Qingdao Port  ტვირთბრუნვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია მსოფლიოში და მისი მმართველი კომპანია კონსორციუმის წევრია”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია „ანაკლიის ღრაწყლოვანი პორტი”, რომელმაც  უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ინვესტორის შერჩევის შემდგომ  დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო კომპანიას ექნება 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49%.
„პარალელურად ჩვენ ჩავატარეთ უკვე სამშენებლო ტენდერი, რომელიც „მსოფლიო ბანკის” წესების მიხედვით წარიმართა. ჩვენ მივიღეთ სამი განაცხადი, რომელთა დამუშავებაც  პარალელურად ხდება – ასე რომ, ჩვენ ორი პროცესი წავმართეთ ერთდროულად, რათა პროექტი განხორციელდეს დროში მაქსიმალურად სწრაფად, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ამავე დროს მაღალი სტანდარტით. უახლოეს პერიოდში ჩვენ ასევე გვეყოლება სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ძალიან მალე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს უკვე ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტში არის ასიგნებები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის სახელმწიფოს ნაწილის დასაფინანსებლად. მისი პროგნოზით,  სამშენებლო სამუშაოებს რამდენიმე წელი დაჭირდება, წელს კი უკვე დაიწყება მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება, რომლებიც 2025-2026 წლებში აქტიურად გაგრძელდება და რომლის თანხებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღებს.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის და ზოგადად შუა დერეფნის როლის გაძლიერების კუთხით. მისი პროგნოზით, ათასობით ადამიანი დასაქმდება არამხოლოდ პორტში და პორტის მშენებლობაში, არამედ პორტის ოპერირებაში, ამასთან, პორტთან თანმდევი განვითარების დიდი შესაძლებლობები გაჩნდება. არსებული შეფასებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა  600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა) იქნება, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს.
„ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ტერიტორიები, რომლებიც მოაზრებულია ლოგისტიკური და საწარმო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ეკონომიკური კუთხით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის კიდევ უფრო გაზრდა. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე ანაკლიის პროექტი პირდაპირ დადებითად აისახება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რაზეც მოლოდინი ბევრ საერთაშორისო კომპანიას აქვს –  რომ დერეფანმა სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება. ამისთვის საჭიროა, რომ  გვქონდეს ახალი, თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, გამართული საჯარო ინფრასტრუქტურა, რისთვისაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.