„როგორც ცნობილია, ჩვენ გვქონდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, მიმდინარეობდა კერძო პარტნიორის შერჩევა. პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა“, – ამის შესახებ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ეს გახლდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. მათ 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ ვადა, რომ წარმოედგინათ შესაბამისი წინადადებები და კომენტარები შელშეკრულებებზე.
„შესაბამისად, ეს ვადა უკვე გავიდა. საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. ამიტომ, მინდა, მას განვუცხადო, რომ 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა.
უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და უახლოეს რამდენიმე დღეში გამოვავლენთ გამარჯვებულს, რომელთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს უკვე პირობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.