FT: იბრაჰიმ რაისის დაღუპვამ ისლამურ რეჟიმს შოკური დარტყმა მიაყენა
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვამ „შოკური დარტყმა მიაყენა ისლამურ რეჟიმს და მის უზენაეს ლიდერს – აიათოლა ალი ხამენეის“, რომელიც ირანის სახელმწიფოს მეორე უმაღლესი ლიდერია 1989 წლის შემდეგ.
ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წერს.
როგორც აღნიშნულია, საქმე ის არ არის, რომ რაისი გამოჩენილი პრეზიდენტი იყო, რომელიც ატარებდა ისეთ რადიკალურ პოლიტიკას, რომელიც შეცვლიდა ირანის მომავალს. 2021 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, „ის განიხილება, როგორც ხამენეის გეგმების განუყოფელი ნაწილი – გააძლიეროს მკაცრი რეჟიმის მომხრეთა პოზიციები და 85 წლის უზენაესი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ უმაღლესი თანამდებობის მშვიდი გადაცემა უზრუნველყოს”.
„ეს თემა დომინირებდა ირანის პოლიტიკაში გასული ათწლეულის განმავლობაში და ასე გაგრძელდება. რაისის გარდაცვალება შესამჩნევ გავლენას არ მოახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც საბოლოოდ, ხამენეი განსაზღვრავს”,- წერს გაზეთი.
Financial Times-ი წერს, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ „ხამენეიმ და ძალაუფლების სხვა საკვანძო ცენტრებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ მზადება მომავალი არჩევნებისთვის, რაც წარმოადგენს ახალ გამოწვევას სისტემისთვის, რომელიც თავისი ისტორიის რთულ პერიოდს განიცდის“.
“მოსალოდნელია, რომ ბევრმა ირანელმა გამოავლინოს თავისი რისხვა ხმის მიცემაზე უარის თქმით. 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად, 50%-ზე დაბლა დაეცა. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა – 41%-ზე ნაკლები“, – ნათქვამია მასალაში.