საუდის არაბეთის მეფე ჰოსპიტალიზებულია – ტახტის მემკვიდრემ იაპონიაში ვიზიტი გააუქმა
საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი ჰოსპიტალიზებულია.
88 წლის მეფეს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, მანამდე მას მაღალი სიცხე და სახსრების ტკივილი აღენიშნებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამეფო კარის პრესსამსახური ავრცელებს.
”გამოკვლევის დროს გაირკვა, რომ ეს იყო ფილტვის ინფექცია და სამედიცინო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მას (მეფეს) მკურნალობის კურსის გავლა სჭირდება, რომელიც მოიცავს ანტიბიოტიკებს”,- ნათქვამია მოხსენებაში.
24 აპრილს საუდის არაბეთის მეფეს ასევე დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, სამკურნალო დაწესებულებიდან ის გეგმური გამოკვლევის შემდეგ გაწერეს.
მედია წერს, რომ ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი 20-23 მაისს ვიზიტით იაპონიაში უნდა ჩასულიყო, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ ვიზიტი გაუქმდა.