“პოეზიის ხიდები – ტარას შევჩენკო, დავით გურამიშვილი“
საქართველოს მწერალთა სახლში მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი “ლიტერატურული სემინარების” მორიგი შეხვედრა გაიმართება. 22 თებერვალს, 18 საათზე, ჩატარდება საღამო სახელწოდებით – “პოეზიის ხიდები – ტარას შევჩენკო, დავით გურამიშვილი“. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ თემატიკასთან დაკავშირებული საკუთარი, ან ამ პოეტთა ლექსები წაიკითხონ. შემოქმედებითი შეხვედრის ორგანიზატორმა, პროექტის “მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები” ავტორმა, პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა ,,კვირას“ განუცხადა:
“ლიტერატურული სემინარების” მორიგი შეხვედრის თემად შემთხვევით არ ამირჩევია პოეტური ურთიერთობები, რომელიც, ამ შემთხვევაში, ტარას შევჩენკოსა და დავით გურამიშვილის პოეზიას მიეძღვნება. ამ შეხვედრის მიზანი მარტივიც არის და საინტერესოც – ჩვენ, ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა, პოეზიის მოყვარულებმა, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ამ ორი ერის უდიდესი პოეტების შემოქმედება და ამ ნაბიჯით თავისებური სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენი კულტურული ურთიერთობების ისტორიას, იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენს საერთო მომავალს არა მხოლოდ კულტურულ სფეროში, არამედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთგულებაშიც, რომელიც ცივილიზებულ კაცობრიობას გააჩნია და საითკენაც უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენს კლასიკოსებთან ერთად. ყოველივე ამის გასაკეთებლად, ვფიქრობ, შესანიშნავი საშუალებაა ტარას შევჩენკოსა და დავით გურამიშვილის დიად მხატვრულ სამყაროსთან კიდევ ერთხელ შეხვედრა“.